Thursday, March 12, 2009

ცხოვრების გზა

"ფაქიზად ამაყი სულის ადამიანი"

გიორგი(გივი) ხაჩიძე ბორჯომის რაიონის სოფელ წაღვერში დაიბადა. სხვებთან ერთად გამოიარა საშინელი რეპრესიების პერიოდი, რომელიც უშუალოდ მის ოჯახსაც შეეხო - მისი მამა-ვასილ ხაჩიძე - ერთ-ერთი საუკეთესო ვაჟკაცი და პატიოსანი კაცი იქცა ამ რეპრესიების მსხვერპლად . . .უმამოდ დარჩენილი ოთხი და-ძმა . . . მათგან ყველაზე უფროსი-გივია, მომავალში მას ხშირად მოუწევს მათთვის მამობის გაწევაც . . .და მაინც ცხოვრება გრძელდება . . . ქარცეცხლიანი მეორე მსოფლიო ომის პერიოდი . . .სკოლის სპორტულ მოედანზე ეზიარა ფეხბურთს, ასე იხსენებს თავად ამ პერიოდს: “ომის მრისხანე წლებში თანატოლი ბიჭების ერთადერთი გატაცება იყო ფეხბურთი. ვთამაშობდით ზამთარშიც კი - დატკეპნილ თოვლზე. გატაცებული ვიყავით ფრენბურთით, სათხილამურო სპორტით . . .”

ფეხბურთის კარში დგომა უყვარდა და შემდგომში სტუდენტობის წლებში, საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ფეხბურთელთა გუნდის უცვლელი მეკარე იყო. ამაყობს იმით რომ, ფეხბურთი უთამაშია მეგობრებთან - თენგიზ კუბლაშვილთან, გივი თიკანაძესთან, ნიკო ცაგარეიშვილთან და უმსაჯია გიორგი(ჟორა) ბაქანიძის, კარლო ყრუაშვილის გვერდით.

დატვირთული საზოგადოებრივი, სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის გრაფიკის მიუხედავად არც მომავალში არ უღალატია ფეხბურთის სიყვარულისთვის - მსაჯობდა საქართველოსა და საბჭოთა კავშირის პირველობებს, ითვლებოდა საკავშირო კატეგორიის ერთ-ერთ საუკეთესო მსაჯად. იყო გორის ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელი. და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება: გორის უნივერსიტეტის ფეხბურთელთა გუნდმა, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ “სტუდენტთა უნივერსიადა 2008”-ზე გივი ხაჩიძეს ხელმძღვანელობით ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს.

ინსტიტუტში მისი თაოსნობით ჩამოყალიბებულმა ფრენბურთელ გოგონათა გუნდმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია - დაიმსახურა საპრიზო ადგილები, მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებში და გახდა საქართველოს ჩემპიონი.

ინსტიტუტის წარმატებით დამთავრების შემდეგ, გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (შემდგომში გორის უნივერსიტეტი) დაიწყო პედაგოგიური სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის რთული, მაგრამ საინტერესო გზა: მასწავლებელი, უფროსი მასწავლებელი, ფიზიკური აღზრდის თეორიისა და მეთოდიკის კათედრის ხელმძღვანელი, მრავალპროფილიანი ფაკულტეტის( სამედიცინო-ბიოლოგიური, დაწყებითი განათლებისა და ფიზიკური აღზრდის სპეციალობები) დეკანი, უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი.

მისი და მისი ნიჭიერი სტუდენტების დამსახურებაა, რომ გორში სპორტის მრავალი სახეობა განვითარდა - ჭიდაობა, კრივი, ხელბურთი, ლელობურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, ფეხბურთი, ტანვარჯიში, ბადმინტონი, ჭადრაკი და სხვა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი ზრუნვა ქართული ჭიდაობის მდიდარ ტრადიციებზე, ქართული ხალხური ეროვნული თამაშების აღდგენა დანერგვაზე.

წლების განმავლობაში მისი უშუალო ზრუნვით და ინსტიტუტისა და შემდგომში უნივერსიტეტის რექტორების მხარდაჭერით რეგიონის და საქართველოს საუკეთესო სპორტსმენებისათვის გორის უმაღლესი სკოლის კარი ყოველთვის ღია იყო, მისი ხელშეწყობით და დახმარებით აღიზარდა სახელოვან სპორტსმენთა არაერთი თაობა, რომლებმაც შორს გაუთქვეს სახელი საქართველოს და გორს: შოთა ჩოჩიშვილი, გიორგი კანდელაკი, კობა კურტანიძე, გია თენაძე და ა.შ. საგულისხმოა ისიც, რომ ამ სპორტსმენთა მწვრთნელებიც, იმ ფაკულტეტის აღზრდილები არიან, რომლის ავტორიტეტის ამაღლებისთვის ბატონი გივი ათეული წლების განმავლობაში იღწვოდა. სასიხარულოა რომ მისი საქმეს დღესაც აგრძელებენ ისეთი ღირსეული ადამიანები, როგორებიც არიან: სოსო ვაშაკიძე, ავთანდილ შოშიაშვილი, ტარიელ სხიერელი, ზურა წულაია და ა. შ.

ესაა პიროვნება, რომელიც წლების მანძილზე, სხვა თანამოაზრეებთან ერთად შეუპოვრად იბრძოდა გორში სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებისა და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის.

ამავე დროს ერთი წუთით არ შეუწყვეტია მეცნიერული მუშაობა. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ქართული ეროვნული ფიზიკური კულტურისა და სპორტის კვლევის პრობლემები და სტუდენტ ახალგაზრდობასთან მუშაობის მეთოდური ხასიათის თემების დამუშავება.

ნაშრომებმა და საკონფერენციო თემებმა :

  • ოლიმპიური საქართველო-პრობლემები და მოსაზრებები;
  • ქართული ეროვნული ჭიდაობის ილეთების გამოყენება ჭიდაობის საერთაშორისო სახეობებში;
  • ქართული თამაშობები და ვარჯიშები - ეროვნული საუნჯე,
  • ზოგიერთი ცნობები ქართველთა ტომების ფიზიკური და სამხედრო მომზადების შესახებ,
  • ფიზიკური ვარჯიშების და თამაშების ასახვა ძველ ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში და მხატვრულ ლიტერატურაში,
  • ოლიმპიზმი ანტიკური ხანის საქართველოში,
  • მონაწილეობდნენ თუ არა ქართველები ძველბერძნულ ოლიმპიადებში,
  • იმართებოდა თუ არა ოლიმპიური თამაშების იდენტური თამაშები საქართველოში,
  • ოლიმპიზმი თანამედროვე საქართველოში და ქართველები ოლიმპიურ თამაშებზე,
  • შიდა ქართლელები ოლიმპიურ თამაშებზე,
  • ფიზიკური კულტურა და სპორტის პროგრამები ბიზნესის სისტემაში,
  • სპორტული წვრთნის თანამედროვე მეთოდიკის ზოგიერთი საკითხი
  • და სხვ.

- აღიარება მოუტანა ავტორს, ისინი გამოქვეყნებულია რუსეთსა და საქართველოში სამეცნიერო კრებულებში და ცალკე ბროშურების სახით.

წარუშლელია ის ღვაწლი, რომელიც მიუძღვის გორის სახელმწიფო სასწავლებლის სპორტული ტრადიციების შექმნა-დამკვიდრებასა და ამისათვის საჭირო სპორტული ბაზების მოწყობა მშენებლობაში. მისი ინიციატივითა და თაოსნობით აფხაზეთის ტერიტორიაზე ოჩამჩირის რაიონის სოფელ ახალ კინდღში შეიქმნა სპორტულ გამაჯანსაღებელი ბანაკი, რომელიც საუკეთესო იყო საქართველოს შავი ზღვისპირეთში. სახალისო და საინტერესო იყო მის მიერ უნივერსიტეტში ჩატარებული სტუდენტური სპარტაკიადები,პროფესორ-მასწავლებელთა და თანამშრომელთა სპორტული თამაშობები, გორის უნივერსიტეტდამთავ-რებულ სახელგანთქმულ სპორტსმენებთან შეხვედრები, სტუდენტთა უნივერსიადებში მონაწილეობა .

იგი არასდროს კმაყოფილდებოდა მიღწეულით, ყოველთვის ეძებდა ახალს. 79 წლის ასაკში გააკეთა ის რაც, სხვებს ბევრად უფრო ახალგაზრდა ასაკშიც გაუჭირდებოდათ - ატენის ხეობაში გორის უნივერსიტეტს ატენის ხეობაში გამოეყო 6 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ბანაკის მოსაწყობად. თუმცა ვერ მოასწრო ამ და სხვა დაწყებული ჩანაფიქრის განხორციელება. . .მისი ხსოვნის პატივსაცემად, როგორც ეს გორის უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა ზაზა ცოტნიაშვილმა აღნიშნა, ეს ბანაკი აუცილებლად აიგება და იგი გივი ხაჩიძეს სახელს ატარებს.

იყო ნამდვილი შემოქმედი და უამრავი ახალი წმოწყების ინიციატორი. ჯერ კიდევ 1956 წელს, მისი ინიციატივით ყაზბეგის რაიონში, ხდის ხეობაში, კავკასიონის უსახელო მწვერვალზე მოეწყო ალპინიადა. გორელმა სტუდენტებმა დაიპყრეს მწვერვალი, რომელსაც სახელად “გორი” დაარქვეს, მწვერვალის სიმაღლე 4444 მეტრია. 1978 წელს ასევე მისი ინიციატივით გორელმა სტუდენტებმა 22 წლის შემდეგ კვლავ დალაშქრეს მწვერვალი “გორი”. თითქმის ყოველ წელს აწყობდა ტურისტულ ლაშქრობებს გორი - ბოშური - გუჯარეთი - მიტარბი - ბაკურიანის მარშრუტზე. ეს იყო დაუვიწყარი სვლა კარვებით, ღამის თევებით (ზოგჯერ ექსტრემალურ პირობებში), ბუნების წიაღში გაცოცხლებული ქართული ეროვნული თამაშებით და ალპური ზონის სამკურნალო მცენარეების შესწავლა-მოპოვებით. აქვე უნდა ითქვას, რომ სამედიცინო ფაკულტეტთან არსებობდა ე.წ. “ფიტო აფთიაქი” ქალბატონ ლ. ზედამხედველობითა და რჩევებით, სტუდენტების მიერ მოპოვებული სამკურნალო მცენარეები გამხმარი სახით. მცენარეების მოსაპოვებლადაც ეწყობოდა სპეციალური ექსპედიციები ალპურ ზონაში, რომლებშიც დიდი სიამოვნებით იღებდნენ მონაწილეობას არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლებიც. ყოველ წელს თებერვლის თვეში ეწყობოდა გორის უნივერსიტეტის და საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციის ერთობლივი ღონისძიება-ატენის ხეობაში “გაყინულ ჩანჩქერზე” ასვლა.

მოიარა მესხეთ-ჯავახეთი, ქართლი, შეკრიბა, დაამუშავა, გააცოცხლა და პოპულარული გახადა ქართული ხალხური თამაშობები, მუდმივად ზრუნავდა ეროვნული სპორტული საუნჯეს შენახვაზე. 2007 წლის 26 მაისს ტრადიციულად, უკვე 17-ედ ჩატარდა “ქართული ხალხური ეროვნული თამაშები” “შიდა ქართლის მხარის ფალავანთა ფალავანის” ტიტულის წოდებაზე, აღსანიშნავია ისიც, რომ ამ თამაშობებში ყოველთვის ცდილობდა ცხინვალის რეგიონის, ისტორიული სამაჩაბლოს სოფლების ახალგაზრდების მაქსიმალურად ჩართვას, რადგან ღრმად სწამდა, რომ კონფლიქტების მოგვარების, მშვიდობის დამყარების საქმეში, თავისი წვლილი უნდა შეიტანოს - სახალხო დიპლომატიამ - სპორტულმა კავშირ-ურთიერთობებმა. სრულად ეთანხმებოდა პიერ დე კუბერტენის სიტყვებს - ”შენ ამყარებ კარგ, კეთილ, მეგობრულ ურთიერთობას ხალხთა შორის. ო, ს პ ო რ ტ ო! მ შ ვ ი დ ო ბ ა ხ ა რ შ ე ნ! “ .

იყო დრო,როდესაც ძალზე თბილი ურთიერთობები ჰქონდათ ერთმანეთთან გორისა და ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ ახალგაზრდობას. ორი ინსტიტუტის სტუდენტთა შეხვედრები ქართულ ჭიდაობასა და ქართულ ეროვნულ თამაშებში-ცხინვალსა და გორში- ნამდვილ სპორტულ ზეიმად იყო გადაქცეული. მასპინძლები და სტუმრები, თამაშების დამთავრების შემდეგ გამართულ სუფრაზე ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ გულუხვობაში და სიყვარულის გამოვლენაში. ერთ რამედ ღირდა შაბათ-კვირას გამართულ ქართულ ჭიდაობაზე კისერზე ყოჩწამოკიდებული ფალავნების ნახვა.

შემდეგ ხელშემშლელი კონფლიქტური სიტუაცია. . . და სეოკ-ის თაოსნობით ჩატარებული საერთაშორისო ოლიმპიური დღეების აღსანიშნავი მძლეოსნური კროსების ჩატარება. ოლიმპიური დღეების ფარგლებში რისკის ფასად, მაგრამ მაინც, ქართული ჭიდაობისა და ეროვნული თამაშობების ჩატარება ივანე მაჩაბელის სახლ-მუზეუმის ეზოში, დიდი კაკლის ხის ძირში. ეს ყველაფერი ნამდვილად ხელს უწყობდა ჩატეხილი ხიდის აღდგენას.

მისი ოცნება იყო საერთაშორისო ოლიმპიური თამაშებში ქართული ეროვნული თამაშების სახეობების ან მისი ელემენტების ჩართვა და მაქსიმალურად ცდილობდა, ნაბიჯ-ნაბიჯ ამ ოცნების რეალობად ქცევას.

მას ჰქონდა უმაღლეს სასწავლებელში სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის 56 წლის სტაჟი. ამ პერიოდის განმავლობაში:

  • 45 წელი სამეცნიერო საბჭოს წევრობა
  • 1966 წელს პრაღაში გამართულ ძიუდოისტთა ტურნირზე საქართველოს სპორტსმენთა დელეგაციის ხელმძღვანელი
  • საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ჩამოყალიბების დღიდან მისი წევრი
  • საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შიდა ქართლის ორგანიზაციის თავმჯდომარე (დაფუძნების დღიდან)
  • გორის საკრებულოს წევრი
  • 1989 წლიდან მინიჭებული აქვს დოცენტის წოდება
  • ფიზიკური აღზრდის თეორიისა და მეთოდიკის კათედრის ხელმძღვანელი,
  • მრავალპროფილიანი სამედიცინო-პედაგოგიური ფაკულტეტის( სამედიცინო- ბიოლოგიური, დაწყებითი განათლებისა და ფიზიკური აღზრდის სპეციალობები) დეკანი
  • მინიჭებული აქვს ქ. გორის საპატიო მოქალაქის წოდება 2003 წელს
  • მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური აკადემიის რესპუბლიკური ოლიმპიური კონფერენციის დიპლომები

მისი ლექციები გამოირჩეოდა მეცნიერული დონით, მაღალი ერუდიციით, შესანიშნავი ლოგიკითა და მეტყველებით, პედაგოგიური ალღოთი, რასაც ემატებოდა მისი ფიზიკური სილამაზე და სათნოება.

იგი მოქმედების ადამიანია, ძალიან მომთხოვნი, საკუთარი თავისა და მის გვერდით მყოფთა მიმართ, მაგრამ ამავე დროს საოცრად ფაქიზი, თბილი და მგრძნობიარეა.არ იცოდა ტყუილი დაპირებები,უყვარდა საქმის ბოლომდე მიყვანა.

იყო პირდაპირი და პრინციპული, მაგრამ ამავდროულად მეგობრული და კეთილგანწყობილი. რა საოცარი ლირიკა იყო, როდესაც მისი მობილურიდან ვალსის ჰანგები იფრქვეოდა, ვიცოდით, რომ თავისი სათაყვანებელი მეუღლე, ქალბატონი ეკატერინე უხმობდა. ამ დროს პატარა შეყვარებულ ბიჭს ემსგავსებოდა, მორცხვად მოგვიბოდიშებდა-მეუღლე მელოდებაო და გვტოვებდა.

არ ასცდა დიდი ტკივილი,ტკივილი შვილიშვილის გამო . . .მაგრამ არასდროს არა ახვევდა თავს საკუთარ სულიერ განწყობას სხვებს. პირიქით, მუდამ მზად იყო სხვისი ტკივილის გასაზიარებლად და შეძლებისდაგვარად დახმარების გასაწევად.

მართლაც გამორჩეული ადამიანი იყო, ის მთელი ცხოვრებით სრულყოფილებისაკენ მიისწრაფოდა, და უნდა ითქვას, რომ მან ეს შეძლო. იგი თანაბრად საყვარელი იყო როგორც მეგობრებისა და კოლეგებისათვის, ასევე მისი სტუდენტებისათვის.

ყველაფერი ზემოთთქმული მცირედი ამონარიდია მამას შესახებ მეგობრების ,კოლეგების მიერ დაწერილი სტატიებიდან. დიდი მადლობა ამ ადამიანებს მამას გვერდით დგომისთვის, მისი დაფასებისთვის. მე მხოლოდ იმას დავამატებ რომ მე მყავდა მამა, რომელიც თავის ასევე უნიკალურ მეუღლესთან ერთად ახერხებდა თავისი სიყვარულის უშურველად განაწილებას შვილებზე, შვილიშვილებზე და შვილთაშვილებზე. იყო ზომიერად მკაცრი, მეტად ერუდირებული, გაწონასწორებული და ყველაფრის მიუხედავად, ოპტიმისტი ადამიანი. ადამიანი, რომელიც ისეთ ენერგიას ასხივებდა თავის გარშემო, რომ მის გვერდით მერიდებოდა მოვშვებულიყავი და უსუსურობა გამომეხატა ამქვეყნიური ამაოების წინაშე. მამა ჩემთვის იყო განუმეორებელი ადამიანი და დღესაც მაგალითს მაძლევს, როგორ ვიცხოვრო, ჩემთვის ღვთით ბოძებული სიცოცხლე, ნამდვილად მეამაყება რომ მისი შვილი ვარ, იგი ყოველთვის იქნება მისაბაძი მაგალითი ჩემი შვილებისთვის და არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი გაოცება ამ გადმოსახედიდან, როგორ ახერხებდა ამ ყველაფერს ერთდროულად . . .

მამა დიდ პატივს სცემდა დიდ ილიას და მისი სიტყვები ”კაცად მაშინ ხარ საქები,თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხე: აბა დღეს მე ვის რა ვარგე?!” იყო მისი ცხოვრების კრედო. უყვარდა გამოთქმა: “მადლი ჰქენი, ქვაზე დასდე, გაიარე წინ დაგხვდება” .



2 comments:

elen said...
This comment has been removed by the author.
ხათუნა said...

ელენე დიდი მადლობა მინდა გითხრა ამ ბლოგის შექმნისთვის. ვიცოდი , რომ ძალიან კარგი მამა გყავდა, მაგრამ ამ ბლოგიდან ბევრი საინტერესო გავიგე მისი ცხოვრების შესახებ. თამამად შეიძლება ითქვას , რომ შენ მამიკოს ღირსეული ქალიშვილი ხარ. არ ივიწყებ მის ღვაწლს და საშუალება მოგვეცი ჩვენც გაგვეცნო იგი და მისი საქმიანობა. ვამაყობ თქვენით და მოხარია, რომ მეგობრები ვართ.